ყაზახეთი კრიპტოვალუტების ბაზარზე შესასვლელად ემზადება. მთავრობის მხარდაჭერის ქვეშ მყოფი „ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის“ (AIFC) განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა მალტურ კომპანია Exante-სთან მიმდინარეობს.
Exante საკუთარ თავს „მომავალი თაობის საინვესტიციო კომპანიას უწოდებს.“ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის ბაზარზე შესასვლელად, Exante მზადაა AIFC-ისთან ერთად იმუშავოს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაეშვება ყაზახური კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდ სამყაროში.
„ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას წარმოადგენენ. გვჯერა, რომ AIFC-ს შეუძლია, გახდეს ბლოკჩეინ-ოპერაციების საერთაშორისო ჰაბი. უახლოეს მომავალში, ციფრული აქტივების ბაზარი ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს,“ განაცხადა „ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის“ ხელმძღვანელმა, კაირატ კელიმბეტოვმა.
ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომელიმე ქვეყანა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნასთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამს. გასულ თვეში იაპონიამ საკუთარ ციფრულ ვალუტაზე, J-Coin-ზე პირველად ისაუბრა. აგვისტოში კი ესტონეთმა ICO პლატფორმაზე estcoin-ის გამოშვებასთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოადგინა.
ICO „ქრაუდფანდინდის“ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით, დიდი რაოდენობის ადამიანების მხრიდან ფულის მოზიდვას ითვალისწინებს. აღნიშნული მეთოდი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
No comments:
Post a Comment