Wednesday, October 18, 2017

UBS: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ


შვეიცარიული გლობალური საფინანსო სერვისების კომპანიის, UBS-ის მიხედვით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ. „საეჭვოა, რომ მათ რეალური ვალუტის ფუნქციები შეასრულონ,“ აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიოში 1000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს. მათ შორის ბიტკონს ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაცია გააჩნია. ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წელს მასშტაბურად იზრდება: 1–ელ იანვარს მისი ფასი $997.69-ს შეადგენდა, ხოლო 15 ოქტომბერს კი ბიტკოინის ღირებულება $5844,14-მდე გაიზარდა.

UBS-ის მიხედვით, ეკონომიკის არსებობისთვის არსებობს გადასახადი, რომელსაც მთავრობა აწესებს. შესაბამისად, ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ ფული, რომლის უკან მთავრობა დგას. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია გადახდის მეთოდად ბიტკოინს აღიარებს, მან გადასახადი იმ ვალუტით უნდა გადაიხადოს, რომლის უკანაც მთავრობა დგას.

შვეიცარიული საფინანსო კომპანია მიიჩნევს, რომ ვალუტა ღირებულებას მაშინ იძენს, როდესაც მიწოდება მოთხოვნას შეესაბამება. თუმცა როდესაც ბაზარზე დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტა ჩნდება, შესაძლოა, ღირებულების კოლაფსი მივიღოთ.

„ბიტკოინის ფასი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 20-ჯერ გაიზარდა, ისე რომ, მის უკან ფუნდამენტური ეკონომიკური საყრდენი არ არსებობს. კრიპტოვალუტები საპნის ბუშტს წარმოადგენენ,“ აღნიშნულია განცხადებაში.

UBS საბანკო მსოფლიოში ერთადერთ კომპანიას არ წარმოადგენს, რომელიც კრიპტოვალუტების წინააღმდეგ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. ცოტა ხნის წინ JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, დეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა, რომელსაც „კარგი დასასრული არ ექნება.“

No comments:

Post a Comment