Tuesday, October 31, 2017

ბილ გეიტსი: ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი უილიამ ბილ გეიტსი უპირატესობას ბიტკოინს ანიჭებს. მისი თქმით, ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია, რადგან არის ელექტრონული, უფრო სწრაფი, მარტივი და იაფი. 

"მე ვალუტას ელექტრონული ფული – ბიტკოინი მირჩევნია", - განაცხადა ბილ გეიტსმა გამოცემა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში.

დღევანდელი მონაცემებით, 1 ბიტკოინი 6 123.17 აშშ დოლარი ღირს.

2016 წლის 1-ელ ნოემბერს 1 ბიტკოინის ფასი 729,27 აშშ დოლარი იყო.

Bloomberg

Monday, October 30, 2017

$6,306.58 - ბიტკოინის ფასის ახალი რეკორდი

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება კვლავ იზრდება. CoinDesk-ის მიხედვით, 1 ბიტკოინის ღირებულებამ $6,306.58 შეადგინა - მას $6000-იანი ზღვრის გადალახვის შემდეგ 300 დოლარით მომატებისათვის მხოლოდ 10 დღე დასჭირდა.

როგორც ბაზრის დინამიკა აჩვენებს, ინვესტორებზე ბიტკოინთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ ინფორმაცია გავლენას არ ახდენს. ბიტკოინი ცოტა ხნის წინ მეორედ გაიყო, რის შედეგადაც ბაზარზე მორიგი კრიპტოვალუტა, bitcoin gold წარმოიშვა.

პირველად ბიტკოინი აგვისტოში გაიყო, რასაც bitcoin cash-ის შექმნა მოჰყვა. ანალიტიკოსები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ გაყოფა ბიტკოინს დიდ დარტყმას არ მიაყენებდა და იგი ციფრულ ბაზარზე დომინირებას კვლავ განაგრძობდა. მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით არის გაზრდილი.

როგორც სტატიაში აღინიშნა, ბიტკოინთან დაკავშირებით მსოფლიოში არაერთი ნეგატიური შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება. JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა, ხოლო თავის ანგარიშში შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა ბიტკოინის შესაძლებლობები სკეპტიკურად შეაფასა.

Wednesday, October 25, 2017

Royal Bank of Canada: ბიტკოინი საზოგადოებას არ სჭირდება

შთამბეჭდავი ზრდის პარალელურად, საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტაზე მსოფლიოს ყველა წერტილში საუბრობენ. მსოფლიო მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო ბიტკოინთან დაკავშირებით JPMorgan-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის მოსაზრებებს, რომელიც commersant.ge-მ ასევე შემოგთავაზათ.

ბიტკოინთან დაკავშირებით საინტერესო აზრი ასევე გამოთქვა კანადური მულტინაციონალური ფინანსური სერვისების კომპანიის, Royal Bank of Canada-ს გენერალურმა დირექტორმა, დევიდ მაკკეიმ. „ბიტკოინის მთავარ იდეას დღეს ფულის დამალული გზით გადაადგილება და კრიმინალური აქტივობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ზოგიერთი ადამიანი ბიტკოინს თაღლითობას უწოდებს, მე მათ არ ვეთანხმები. თუმცა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ახლა ბიტკოინი არ სჭირდება,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.

როდესაც ხელში დოლარი, ფუნტი, ან ევრო მიჭირავს, მე მზად ვარ იგი სასურველი საქონლისა თუ სერვისისთვის გადავიხადო. ასეთ დროს ფულის სიმყარეში დარწმუნებული ვარ, რადგან მას ზურგს პოლიტიკური სისტემა, ეკონომიკის სიმყარე და ცენტრალური ბანკის რეზერვები უმაგრებენ.“

„როდესაც ამ მახასიათებლებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია მათი კრიპტოვალუტაზე მისადაგება? აღნიშნული კრიტერიუმების უმეტესობას ციფრული ვალუტა არ შეესაბამება: მის უკან მთავრობა და ქვეყნის ეკონომიკა არ დგანან, იგი არ რეგულირდება, მის წინააღმდეგ რეზერვები ვერ მოქმედებენ - მის მოსაპოვებლად მხოლოდ მაინინგია საკმარისი,“ განაცხადა მაკკეიმ.

უკანასკნელ პერიოდში ბიტკოინის წინააღმდეგ კრიტიკული შეფასებები ხშირად ისმის. შვეიცარიული გლობალური საფინანსო სერვისების კომპანიის, UBS-ის მიხედვით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები „სპეკულაციურ საპნის ბუშტს“ წარმოადგენენ და საეჭვოა, რომ მათ რეალური ვალუტის ფუნქციები შეასრულონ. ხოლო ამერიკული მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა. მისი თქმით, JPMorgan Chase-ს დატოვებს ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ბიტკოინით ვაჭრობს.

Monday, October 23, 2017

"უოლ-სტრიტის მგელი" კრიპტოვალუტის საფრთხეებზე ლაპარაკობს

"სახსრების მოზიდვა ICO-ს საშუალებით (IPO-ს ანალოგი კრიპტოვალუტისთვის) თაღლითობაა." ამის შესახებ ყოფილმა ბროკერმა ჯორდან ბელფორტმა The Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ისტორიაში ყველაზე დიდი აფერა და უდიდესი თაღლითობაა, რომელიც უამრავ ადამიანს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს. ეს იმაზე გაცილებით უარესია, რაც მე გავაკეთე", - თქვა ბელფორტმა და დასძინა, რომ ICO-ს მომხმარებელთა უმრავლესობას ბოროტი მიზნები არ აქვს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თაღლითების 5-10%-ის მოქმედებამაც კი შესაძლოა ეკონომიკურ სფეროებსა და თითქმის ყველა სისტემას დიდი ზიანი მიაყენოს. 
ჯორდან ბელფორტი 1998 წელს დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში, რისთვისაც მან 2 წელი ციხეში გაატარა. ბელფორტის ცხოვრების ისტორია უდევს საფუძვლად ფილმს "უოლ-სტრიტის მგელი".
სექტემბერში ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა და ბირჟებს 20 სექტემბრამდე მომხმარებლებისთვის თანხების განაღდება და ინვესტორთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა დაევალათ. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ ბიტკოინის ბირჟების მფლობელებსა და მენეჯერებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

Saturday, October 21, 2017

CNBC: ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადაცდება

ამერიკული მედიასაშუალების, CNBC-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $10,000-ს გადააჭარბებს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში CNBC-ის საიტზე მიმდინარეობდა, რომელშიც 23,118-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ჰეჯ ფონდის ყოფილ მენეჯერს, მაიკლ ნოვოგრაცს, რომელმაც ინტერვიუში ბიტკოინთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. ნოვოგრაცის აზრით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება მომდევნო 10 თვის განმავლობაშ $10,000-ს გადააჭარბებს.

გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი $6000-8000-ის ფარგლებში იმერყევებს. დაახლოებით 35% კი JPMorgan Chase-ის გენერალურ დირექტორს, ჯეიმი დაიმონს ეთანხმება, რომელმაც ბიტკოინს „თაღლითობის საშუალება“ უწოდა. „თუ თქვენ იმდენად სულელი ხართ, რომ დღეს ბიტკოინი შეიძინოთ, იცოდეთ რომ ერთ დღეს ამას ინანებთ,“ განაცხადა დაიმონმა.

მიმდინარე წელს ბიტკოინის ღირებულება 470%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტების ვებგვერდის, CoinDesk-ის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში ბიტკოინმა თავისი ღირებულების რეკორდი დაამყარა - $5,856.10. ბიტკონის ბუმის პარალელურად, მის მიმართ კრიტიკაც ხშირად ისმის. ჯეიმი დაიმონის გარდა, ბიტკოინთან დაკავშირებით ნეგატიური ინფორმაცია შვეიცარიულმა საფინანსო სერვისების კომპანია UBS-მაც გაავრცელა. UBS-ის ანგარიშის მიხედვით, ბიტკოინი „სპეკულაციურ საპნის ბუშტს წარმოადგენს, რომელიც რეალურ ვალუტად ვერ ჩამოყალიბდება.“

Friday, October 20, 2017

ბიტკოინით უკვე ქვეყნის მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება

წყნარი ოკეანის პატარა კუნძული ვანუატუ პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის მოქალაქეობის ყიდვაც ბიტკოინებით შეიძლება. ინფორმაციას ამის თაობაზე, თავად Bitcoin-ი ავრცელებს.
ვანუატუს მოქალაქეობის გაფორმება სულ რაღაც 44 ბიტკოინი ეღირება, რაც  220 000 დოლარის ეკვივალენტია კრიპტოვალუტის დღევანდელ კურსთან მიმართებით. ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, მოქალაქეობის მქონე პირს ქვეყანაში ცხოვრების არანაირი ვალდებულება არ აქვს. 
ვანუატუს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბევრი უცხოელი დაინტერესდება მოქალაქეობის ყიდვით, რადგან ქვეყანაში საგადასახო პოლიტიკა ძალიან ლიბერალურია და შესაბამისად, ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველი პირობებია.