Tuesday, January 16, 2018

ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება მილიარდი დოლარი გახდა

ბიტკოინის ანალოგი დოგკოინი თავის დროზე ხუმრობით შეიქმნა, ამ წლის იანვრის მონაცემებით კი მისი საბაზრო ღირებულება 2 მილიარდი დოლარი გახდა. მისი შემქმნელი ჯექსონ პალმერიც კი ფიქრობს, რომ ეს არ არის ნორმალური პროცესი. მისი განცხადებით, როცა კრიპტოვალუტაზე მსჯელობას ტაქსის მძღოლებიც იწყებენ, ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია “სპეკულაციური კრიპტომანიის ფაზაში“ შედის.

დოგკოინი 2013 წლის დეკემბერში პორტლენდელმა პროგრამისტმა, ბილი მარკუსმა და სიდნეელმა მარკეტოლოგმა ჯექსონ პალმერმა შექმნეს. მათი მუზა ინტერნეტ-მემე Doge-ი, სიბა-ინუს ჯიშის ძაღლი გახდა.

დოგკოინი სწრაფად გახდა პოპულარული, განსაკუთრებით Reddit-ის მომხმარებელთა შორის. ვალუტის ვებგვერდზე ორჯერ “დაკლიკება“ საკმარისია იმისთვის, რომ ჩამოიტვირთოს საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, გაიხსნას ონლაინ-საფულე, დაიწყოს გაცვლის პროცესი და მოხერხდეს მათი საშუალებით კონკრეტული მომსახურებების ანაზღაურება.

Reddit-ზე სპეციალური თემატური საზოგადოებაც არსებობს, სადაც ამ ვალუტაში ტრანზაქციების ისტორიები გროვდება და საქველმოქმედო აქციებიც კი იგეგმება.

 ვალუტის შემქმნელები დასაწყისში ფიქრობდნენ, რომ ემისიის ოდენობა 100 მილიარდ დოგკოინს შეადგენდა, თუმცა ამ ზღვარს კრიპტოვალუტამ ჯერ კიდევ 2015 წლის შუაგულს მიაღწია. დღეის მდგომარეობით მიმოქცევაში 113 მილიარდი დოგკოინია.

ამ წლის 7 იანვრის მდგომარეობით ვალუტის კაპიტალიზაცია 2 მილიარდს შეადგენდა, თუმცა 15 იანვარს ის 1,2 მილიარდამდე დაეცა.

პალმერი, რომელიც პროექტიდან 2015 წელს გავიდა, დღევანდელ მდგომარეობას აფასებს, როგორც ირაციონალური ენთუზიაზმის შედეგს - საბაზრო მანიას.

imedinews.ge

მსგავსი თემები:
DOGECOIN - კიდევ ერთი ალტერნატიული ციფრული ვალუტა

No comments:

Post a Comment