Thursday, February 15, 2018

ისლანდიაში მაინერები უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ, ვიდრე მთელი კუნძულის მოსახლეობა

კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდის გამო, ისლანდიას მოულოდნელი პრობლემა გაუჩნდა: 2018 წელს ენერგოდანახარჯები, რომელიც მაინინგს მოჰყვება, ქვეყნის საერთო საშუალო ენერგომოხმარებაზე მეტია.

ისლანდიაში სიდიდით მესამე ენერგოკომპანია HS Orka-ს მენეჯერის იოჰან სნიგურბეგსონის დათვლებით, 2018 წელს მაინინგის ცენტრებს 840 გიგავატი ელექტროენერგია დასჭირდებათ. ისლანდიის მოსახლეობა, რომელიც 340 ათას ადამიანს მოიცავს, წელიწადში მხოლოდ 700 გიგავატ ელექტოენერგიას იყენებს.

შედარებისთვის, გასული წლის ბოლოს, ექსპერტებმა მაინინგზე მსოფლიოს საერთო საშუალო ენერგოდანახარჯები 30 ტერავატად შეაფასეს რაც მაგალითად, მთელი ირლანდიის მოსახლეობის ენერგომოხმარებას აღემატება (ირლანდიაში ისლანდიაზე 13-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს).

ბოლო წლების განმავლობაში ისლანდიაში უფრო და უფრო მეტი კომპიუტერული ცენტრები იხსნება. ქვეყანა ბიზნესმენებს იზიდავს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მისი ელექტროენერგიის ფაქტობრივად 100% იაფი განახლებადი წყაროებიდან მოდის (ძირითადად გეოთერმული სითბო და წყლის ნაკადები). ამავდროულად ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით შეუძლებელია - ამისათვის ზღვის ფსკერზე ძვირადღირებული კაბელის გაჭიმვაა საჭირო.

ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელია მაინინგი. ამისთვის ბიტკოინი იყენებს სქემას, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება. კრიპტოვალუტის ფასის ზრდასთან ერთად, მაინერები ზრდიან თავიანთი სისტემების სიმძლავრეს და სულ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ. ბიტკოინის მუშაობაზე დღეს იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ის ზოგიერთი ქვეყნის ენერგომომარაგებას ეყოფოდა. მალე კრიპტოვალუტა ამ მაჩვენებლით გაასწრებს სერბეთის, დანიის და შემდეგ ბელარუსის ენერგომოხმარებასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა უამრავი ნავთობის, გაზის და სხვა ნედლეულის ხარჯვა. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა ეს ფასი არ ღირს.

imedinews.ge

მსგავსი სიახლეები:
Bitcoin-ი მილიონობით ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას მოიხმარს და გარემოს აბინძურებს
ქვეყნები, რომლებიც „ბიტკოინზე ნაკლებ“ ელექტროენერგიას მოიხმარენ

No comments:

Post a Comment